მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ პედრო პორომ და ლამინ იამალმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს, თუმცა ისინი მატჩისთვის მზად იქნებიან #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებმა არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრებმა, ლამინ იამალმა და პედრო პორომ ხუთშაბათს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სააგენტო „როიტერს“ დაუდასტურა, რომ ორივე მოთამაშე კვირას გასამართი გადამწყვეტი მატჩისთვის მზად იქნება. მათი ინდივიდუალური ვარჯიში კი მხოლოდ პრევენციული ზომაა და ფიზიკური დატვირთვის სწორად გადანაწილებას ემსახურება.
საფრანგეთთან მოგებული ნახევარფინალის შემდეგ დე ლა ფუენტემ აღნიშნა, რომ პოროს მცირე დისკომფორტი აწუხებდა. ფლანგის მცველს ბარძაყის უკანა კუნთი აქვს დაჭიმული, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის.
რაც შეეხება იამალს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო უწყინარია. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ტალანტს სერიოზული არაფერი სჭირდა, თუმცა მეორე დღეს ლუკას დინსა და ტეო ერნანდესთან გამართული მძიმე ორთაბრძოლების კვალი მაინც თვალსაჩინო იყო – ესპანელ შემტევს დაჟეჟილობები ეტყობოდა.
ესპანეთისა და არგენტინის ფინალური მატჩი კვირას, 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.