მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართება #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ძიუდოში დღეს გუნდური შეჯიბრება გაიმართება. ტურნირზე რვა ქართველი იჭიდავებს – გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ბაბუციძე (ორივე – 90 კგ.), გურამ თუშიშვილი (+90 კგ.), ქალებში – ნინო ლოლაძე (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.). საბა ინანეიშვილმა კი, რომელიც გუნდურშიც იყო დარეგისტრირებული, გუშინ მსოფლიო პირველობის 1/8-ფინალში ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხრის ტრავმა მიიღო და დღეს ვერ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები D ბადეშია განთესილი და ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთვება. ჩვენი პირველი მეტოქე უნგრეთისა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა.
ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები საფრანგეთის, იტალიის ან ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს შეხვდება. წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 12:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.