მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ჰალანდის დუბლით ნორვეგიამ ერაყი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფში ორი ფავორიტი გამოიკვეთა – საფრანგეთი და ნორვეგია. აქამდე გამართულ ვერც ერთ მატჩში ევროპულმა გუნდებმა აზიურების დამარცხება ვერ მოახერხეს – ნორვეგიამ კი ევროპელთა პრესტიჟზე საკმარისად იზურნა და ერაყს 4:1 სძლია.
მიუხედავად წაგებისა, ვერც ერაყზე ვიტყვით აუგს – საკმაოდ გამართული და მებრძოლი გუნდია. 29-ე წუთზე ნორვეგია ჰალანდმა დააწინაურა, თუმცა ერაყელებმა სწორედ ამის შემდეგ მოუმატეს და ანგარიშიც დამსახურებულად გაათანაბრეს – 39-ე წუთზე ჰუსეინმა თავური დარტყმით ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა.
პირველი ტაიმის ბოლოს ჰალანდმა ტრადიცია არ დაარღვია – მას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საშუალოდ მატჩში 2 გოლი ჰქონდა გატანილი. ამჯერადაც იგივე გაიმეორა – 43-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში ერაყს თამაშის შემოსატრიალებლად ძალა აღარ ეყო. საინტერესოა, რომ ეს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მეორედაა. პირველად 1986 წელს ითამაშა, სამივე მატჩში დამარცხდა, თუმცა სამივეჯერ მინიმალური სხვაობით. ამჯერად სამბურთიანი სხვაობით დათმო – 1:4.
ნორვეგიის მხრიდან მესამე გოლი კუთხურის შემდეგ ოსტიგორმა გაიტანა, მეოთხე – საკუთარ კარში ჰუსეინმა ჩაჭრა.