მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დენიზ უნდავი – გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც ქარხანაში მუშაობდა და კარიერა მეოთხე ლიგიდან დაიწყო #1TVSPORT
დენიზ უნდავი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა. გერმანიის ნაკრების ახალმა ვარსკვლავმა ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. არც ისე დიდი ხნის წინ თავდამსხმელი გერმანიის დაბალ ლიგაში თამაშობდა, ახლა კი გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის გატანილი გოლებით ახარებს.
უნდავი 1996 წლის 19 ივლისს ვარელში დაიბადა. 17 წლის ასაკში გერმანიის მეოთხე დივიზიონის გუნდში თამაშობდა, სადაც მისი ანაზღაურება კვირაში 600 ევრო იყო, პარალელურად კი ქარხანაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე თურქეთის სახელით თამაში შეეძლო, უნდავმა გერმანიის სახელით გამოსვლა აირჩია, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
უნდავმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში შესანიშნავი გზა გაიარა. 2020 წელს გერმანიის მესამე დივიზიონის „მეპენში“ ჩაირიცხა. იმავე წელს ბელგიურ „როიალ უნიონ სენ-ჟილში“ გადავიდა და იქ მისმა მიღწევებმა სწრაფად მიიპყრო პრემიერლიგის კლუბ „ბრაიტონის“ ყურადღება. ინგლისში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა და 2023 წელს იჯარით „შტუტგარტში“ გადავიდა, შემდეგ კი კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გასულ სეზონში „შტუტგარტის“ რიგებში 46 ოფიციალურ მატჩში 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან, გერმანიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშეა. სულ „შტუტგარტის“ ვარსკვლავმა გერმანიის ნაკრებში 9 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2025 წლის გერმანიის თასზე გამარჯვება იყო. ახლა კი უნდავს შანსი აქვს, ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში იზეიმოს წარმატება – ის 30 წლის იუბილეს 19 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს აღნიშნავს.