მსოფლიო ბანკი - ანა ბიერდემ და გიორგი გახარიამ ისაუბრეს პოსტპანდემიურ ეტაპზე მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებაზე, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას
მსოფლიო ბანკი - ანა ბიერდემ და გიორგი გახარიამ ისაუბრეს პოსტპანდემიურ ეტაპზე მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებაზე, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს შეხვედრას მსოფლიო ბანკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საუბრის მთავარი თემები ვაქცინაციის გეგმები, რეფორმების დღის წესრიგი და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იყო.

„საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებას პოსტპანდემიურ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობას”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია და მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილა. ვიდეოკონფერენციაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ასევე განსახილველი თემების შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები, როგორც მსოფლიო ბანკის სათავო, ასევე რეგიონული ოფისებიდან, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.