„მსოფლიო ბანკი“ 2019 წლიდან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებას შეწყვეტს
„მსოფლიო ბანკი“ 2019 წლიდან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებას შეწყვეტს

2019 წლიდან „მსოფლიო ბანკი“ ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებას შეწყვეტს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციამ პარიზში კლიმატურ სამიტზე გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება „მსოფლიო ბანკმა“ გლობალური ეკონომიკის მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშესაწყობად მიიღო. ეს ნაბიჯი დაეხმარება ქვეყნებს, შეამცირონ სათბური აირების რაოდენობა გლობალური დათბობის შესაჩერებლად, რაც 2015 წლის პარიზის კლიმატური შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

„მსოფლიო ბანკში“ ასევე განაცხადეს, რომ 2020 წლისთვის ორგანიზაციის მიერ გაცემული კრედიტების 28% კლიმატთან დაკავშირებულ ქმედებებს მოხმარდება.

„მსოფლიო ბანკი“ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული ერთდღიანი სამიტის თანასპონსორი იყო. სამიტზე გლობალური ეკონომიკის ენერგიის წიაღისეული სახეობებიდან შედარებით სუფთა წყაროებზე გადასვლაზე იმსჯელეს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიებში საჭიროა ტრილიონობით დოლარის ინვესტიციების ჩადება იმისთვის, რომ შესრულდეს პარიზის შეთანხმების მთავარი მიზანი – შეინარჩუნოს საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურის ზრდა ორი გრადუსის ფარგლებში.

„მსოფლიო ბანკის“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ ექსტრაქციულ მრეწველობაში, რომელიც წიაღისეულ მოპოვებასაც მოიცავს, სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.