მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა
მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავანეთემ (ნავი) პილაის გადაეცა.
როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, პილაის ჯილდო მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისთვის მიენიჭა.
„მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია გადაეცემა ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცითა და პრინციპულობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უფრო სრულყოფილი გლობალური სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებაში. წლევანდელმა ლაურეატმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის ჩამდენთა სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, იორგენ ფრიდნესმა.
ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯილდო არის გზავნილი მათთვის, ვინც თავს ესხმის საერთაშორისო სისტემას ან ძირს უთხრის მის ინსიტუტებს.
„ეს არის გზავნილი იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი და მისი ინსტიტუტები უფრო მშვიდობიანი სამყაროს ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯილდო გააძლიერებს როგორც ინსტიტუტებს, ისე ცალკეულ პიროვნებებს, არამხოლოდ ნავი პილაის, თუმცა უპირველესად სწორედ მას“, – განაცხადა ფრიდნესმა.
ნავი პილაი სამხრეთ აფრიკის უმაღლესი სასამართლოს, რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო. პილაი ასევე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობას იკავებდა, ხელმძღვანელობდა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიის საკითხზე გაერო-ს დამოუკიდებელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას. ამასთან, პილაი ქალთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „თანასწორობის“ (Equality Now) ერთ-ერთი დამფუძნებელია.