მშრომელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
მშრომელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

მსოფლიო მშრომელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. ,,უსაფრთხო და ღირსეული შრომა” – ამ ლოზუნგის ირგვლივ დღეს პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომელიც ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს.

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან 17:00 საათისთვისაა დაანონსებული.

,,დღეს არის შრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიო მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავს. წლევანდელი მთავარი სლოგანი არის -„უსაფრთხო და ღირსეული შრომა”, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში კვლავ არსებობს უამრავი გამოწვევა. ვიცით, რომ უსაფრთხოების ნაწილში სამწუხაროდ, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ სტატისტიკა არ შემცირდა და პირიქით, დინამიკაში ზრდა ფიქსირდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცია მიეძღვნას ამ თემატიკას.

ღირსეული შრომის ქვეშ ასევე მოვიაზრებთ გენდერული თანასწორობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი წელს გვექნება გენდერული ნიშნით ხელფასის სხვაობაზე. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალია სხვაობა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის და ეს მონაცემი ყოველ კვარტალურად ქვეყნდება საქსტატის მიერ”, – აცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, პროტესტს ,, ქალთა მოძრაობაც“ შეუერთდება, რომელშიც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.