მშობელი - იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზის მიხედვით, ბავშვისთვის ჯანმრთელ გულზე უნდა მემკურნალა
მშობელი - იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზის მიხედვით, ბავშვისთვის ჯანმრთელ გულზე უნდა მემკურნალა

იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზის მიხედვით, ბავშვისთვის ჯანმრთელ გულზე უნდა მემკურნალა, – ამის შესახებ მშობელმა, ნენე ხუროშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ბავშვს გულზე მკურნალობა სჭირდებოდა, ხოლო როდესაც დიაგნოზი სხვა კლინიკაში გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ ბავშვს ჯანმრთელი გული ჰქონდა.

„შარშან ჩემს შვილს ცხვირზე ოპერაცია დასჭირდა. პირადმა ექიმმა და ანესთეზიოლოგმა წინასაოპერაციო ანალიზების ჩატარება მოითხოვეს. მათ შორის, კარდიოგრამა გვჭირდებოდა და ვინაიდან „ქევანიშვილი–ჯაფარიძის კლინიკაში“ დიდი რიგები იყო, პირადი ექიმისგან ნებართვა ავიღე და ბავშვს კარდიოგრამა იაშვილის კლინიკაში გავუკეთე. იქ დამიწერეს დასკვნა, რომ ბავშვს, ფაქტობრივად, გული ავადმყოფი აქვს. ექიმმა მითხრა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ბავშვს ოპერაციას არ გაუკეთებდნენ, მაგრამ თუ მაინც გაუკეთებდნენ, აუცილებლად მოდით და ბავშვს გულზე უნდა ვუმკურნალოთო“, – განაცხადა მშობელმა.

როგორც მან აღნიშნა, ამის შემდეგ დასკვნა პირად ექიმს მიაწოდა და უთხრა, ანესთეზიოლოგისთვის ეჩვენებინა.

„ზუსტად ვიცოდი, რომ ბავშვს ამ დასკვნის გამო ოპერაციას არ გაუკეთებდნენ და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, ოპერაციაზე უარი მივიღეთ. ამის შემდეგ მათ ვთხოვე, ჩემთვის ერთი საათი მოეცათ. წავედი სხვა კლინიკაში და ბავშვს ექოსკოპია გავუკეთე. ექიმს იაშვილის კლინიკის დასკვნაც ვანახე, მაგრამ მან, კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ზედმეტ საუბარს თავი აარიდა. უბრალოდ, მითხრა, რომ ბავშვს აბსოლუტურად ჯანმრთელი გული აქვს და შეგიძლიათ, ოპერაცია გაუკეთოთო. ამ დასკვნის საფუძველზე, ბავშვს ოპერაცია უპრობლემოდ გავუკეთე“, – განაცხადა ხუროშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მშობელმა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ნენე ხუროშვილმა განაცხადა, რომ არ მიუმართავს.

„ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ იაშვილის კლინიკის ფეისბუკის გვერდზე დავწერე და კლინიკის მენეჯმენტს მივმართე. ვიფიქრე, ამას რაღაც რეაგირება მოჰყვებოდა, მაგრამ არავის უპასუხია“, – განაცხადა ნენე ხუროშვილმა.