მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილება იგეგმება
მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო ცვლილება იგეგმება

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, დაუსრულებელი მშენებლობების სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება იგეგმება.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები მერაბ ქვარაია და გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელი გათავისუფლდება გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა – ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად და ასევე, ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის პირველ  იანვრამდე გამოსცემს.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული მუხლის მიზნების გათვალისწინებით ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პირობებს.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილების მიზანი მშენებლობის დასრულების ხელშეწყობაა.

„დღეის მდგომარეობით, არსებობს ისეთი დაუმთავრებელი მშენებლობებიც, რომლებსაც აქვთ კანონით გათვალისწინებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და ამ ფინანსური ვალდებულების გამო, ვერ ხერხდება მშენებლობის გაგრძელება. დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილია, დამატებითი ღონისძიებები განხორციელდეს. კერძოდ, ასეთ ხელშემწყობი ღონისძიება იქნება აღნიშნული ობიექტების გათავისუფლება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდისაგან. თუმცა, შეღავათი უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომლებიც მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობებად. საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება, რომელი ობიექტი შეიძლება, დაუმთავრებელ მშენებლობად იყოს მიჩნეული“, – განმარტავენ ინიციატორები.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.