მსახიობების ნაწილმა ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტა
მსახიობების ნაწილმა ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები გააპროტესტა

ქუთაისის თეატრის მსახიობების ნაწილი ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლებს აპროტესტებს. მსახიობებმა, ინგა კაკიაშვილმა და რეზი ქაროსანიძემ თეატრში მისულ მაყურებელს ფლაერები წარწერით „რუსეთი ოკუპატია“ დაურიგეს და სტიკერები გააკრეს.

„მიუღებელია, რაც ხდება დღეს ატოცში, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება. ვგმობთ ამას და ამ ფონზე, არ ვეთანხმებით მოსკოვის თეატრის ვიზიტს. იმისათვის, რომ შევახსენოთ ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციის შესახებ, მაყურებლებს ბროშურები დავურიგეთ. მასზე დატანილია ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ. ჩვენ ამ ფორმით შევახსენებთ სტუმრებს, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია“, – განაცხადა ინგა კაკიაშვილმა.

მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის ვიზიტს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. მათ თეატრის წინ აქცია გამართეს და რუსი მსახიობების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება მოითხოვეს.
მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ გასტროლები ქუთაისში დღეს დაიწყო. ორი დღის განმავლობაში მესხიშვილის თეატრის სცენაზე რუსულენოვანი სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი.