მრავალწლიანი სტაჟის მქონე ბიბლიოთეკარები საპატიო წიგნის მცველად იმუშავებენ
მრავალწლიანი სტაჟის მქონე ბიბლიოთეკარები საპატიო წიგნის მცველად იმუშავებენ

ბიბლიოთეკების რეფორმა და მოდერნიზება გარდაუვალია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმის არსი მერიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზეც განმარტეს, თუმცა ვინაიდან საკითხმა ბიბლიოთეკართა ნაწილის პროტესტი გამოიწვია, დღეს კიდევ ერთხელ მოხდა მათი ინფორმირება. მისივე თქმით, ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად ორი თვე ექნებათ, საგამოცდო საკითხები კი მათი უმრავლესობისთვის ისედაც ცნობილია.

„ჩვენ ოთხი დღის წინ შევხვდით ერთმანეთს, სადაც 36-ვე ბიბლიოთეკის დირექტორს განვუმარტეთ, რა პროცესების უნდა გავიაროთ და რას მივაღწევთ. არ მოველოდი, რომ ჩვენ გვეყოლებოდნენ წიგნთან მებრძოლი ადამიანები და დღეს მომიწია კიდევ ერთხელ განმეორება და განმარტება, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გადამზადება მოხდება თვენახევრის განმავლობაში, თუმცა, სანამ ტრენინგები დაიწყება, ორი კვირის ვადაა და საბოლოოდ ორი თვე გამოდის, რომ ადამიანი ტესტირებისთვის მოემზადოს იმაში, რაც ისედაც უნდა იცოდნენ. ეს არის საბიბლიოთეკო სტანდარტები და კანონი ბიბლიოთეკის შესახებ. ვტრიალებთ იმ თემის გარშემო, რაც ბიბლიოთეკარებმა ისედაც უნდა იცოდნენ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას ეს გადამზადება არ უნდა დასჭირდეს და ისედაც უნდა იცოდნენ ყველაფერი. ამის შემდეგ გავლენ ისინი ტესტირებაზე. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, რომელიც გადალახავს ტესტირების ბარიერს, იქნება შენარჩუნებული ახალ ააიპ-ში“, – აღნიშნა ხუნწარიამ.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც ბიბლიოთეკებში წლებია მუშაობენ და წიგნების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი, სპეციალურად შექმნილ პოზიციას დაიკავებენ.

„რაც შეეხება ხანშიშესულ ადამიანებს, მინდა გითხრათ, რომ გვყავს ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი წელია, ამ ბიბლიოთეკებში მუშაობენ. ისინი ნამდვილად გადაფარებულნი არიან წიგნებზე. ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ეს წიგნები ჩვენამდე მოიტანეს. თუმცა, სამწუხაროდ, ბიბლიოთეკები ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია. ჩვენ გვექნება პოზიცია – საპატიო წიგნის მცველი იმ ბიბლიოთეკებში, რომლებიც მოდერნიზებული იქნება და შენარჩუნებული იქნებიან ეს ადამიანები“, – განაცხადა სოფიო ზუნწარიამ.

კითხვაზე – შენარჩუნდება თუ არა 36-ვე ბიბლიოთეკა დედაქალაქის მასშტაბით, ხუნწარიამ აღნიშნა, რომ სპეციალური კვლევის შედეგად გადაწყდება.

„მომავალ კვირას ვაცხადებთ ტენდერს კვლევასთან დაკავშირებით 10-ვე რაიონში, თუ რა მოთხოვნა აქვს მოსახლეობას. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რამდენი ბიბლიოთეკა დარჩება. რამდენიმე ბიბლიოთეკა არის ისეთ მძიმე და სავალალო მდგომარეობაში, რომ შესაძლოა, კვლევისა და ექსპერტიზის საფუძველზე ეს ბიბლიოთეკები აღარ იყოს. თუმცა, ეს არ ეხება თანამშრომლებს. თუ ამ ფილიალში მუშაობდა რომელიმე თანამშრომელი არ ნიშნავს იმას, რომ ის სხვაგან არ იმუშავებს. ყველა თანამშრომელი, რომელიც დღეს მუშაობს და გადალახავს ბარიერს, იქნება შენარჩუნებული ახალ ააიპ-ში. ნურავინ ეცდება იმით მანიპულირებას, რომ ბიბლიოთეკების ნაწილი გაუქმდება და ა.შ. არსებობს სამწლიანი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ავაშენებთ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, მინიმედიათეკების პრინციპით წავალთ, რადგან არის რაიონები, სადაც შესაძლოა, არ იყოს საკმარისი ერთი ან ორი ბიბლიოთეკა. შესაბამისად, გაჩნდება ახალი სივრცეები, ახალი სერვისები მოთხოვნების საფუძველზე. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები წიგნთან და არა გავრიყოთ, როგორც დღეს ხდება“, – განაცხადა ხუნწარიამ.

დედაქალაქის მერის მოადგილის ინფორმაციით, ბიბლიოთეკები, ძირითადად, კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მისი თქმით, ბიბლიოთეკების მერიისთვის გადმობარება უახლოეს მომავალში დაიწყება.

თავის მხრივ, ბიბლიოთეკართა ნაწილმა მერის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და ბიბლიოთეკების დახურვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

რაც შეეხება ტესტირებას, მათივე განცხადებით, ისინი თანახმა არიან, გადამზადების შემდეგ ეს ეტაპიც გაიარონ.

„რეფორმებთან დაკავშირებით პოზიცია დადებითია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ბიბლიოთეკა საუკეთესო მდგომარეობაში გვქონოდა, წინსვლაზე გვეფიქრა, მაგრამ ამის საშუალება სახელმწიფოს არ გააჩნდა. თუკი შენარჩუნებული იქნება წიგნადი ფონდი, თანამშრომლები, ამას მხოლოდ მივესალმებით. კანონში გვიწერია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ტესტირებას ვექვემდებარებით, რა თქმა უნდა, ეს ტესტირება უნდა გავიაროთ. მხოლოდ დროის გახანგრძლივებას ვითხოვდით და ამაზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჯერჯერობით პრეტენზია არ გვაქვს, როცა საკითხებს ვნახავთ, თუ რაიმე გართულება იქნება, ამასაც ვიტყვით“, – განაცხადა თბილისის მე-7 ბიბლიოთეკის სამსახურის უფროსმა ეთერ ქამუშაძემ.

ტესტირებისა და გასაუბრების პროცესს, რომელიც ორი თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს, პროფესიული გაერთიანების თანამშრომლებიც დაესწრებიან.