მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს პირს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიანიჭებს.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის N212 დადგენილებით განისაზღვრა.

მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიანს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ მოითხოვოს სტატუსის დადგენა. დღემდე აღნიშნული სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება: საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი შვილი ან ნაშვილები; სტატუსის დადგენისთვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება, დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი – დედაც და მამაც.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა უფასოა და გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს მიიღება.