მრავალეროვნული სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა
მრავალეროვანი სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ კრის მარშალთან ერთად დაესწრო.
„ვაზიანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.
„მტკიცე სული“ საქართველოში მეთორმეტედ ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.