მრავალეროვნულ სწავლებაში „მტკიცე სული 2021“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია [ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“-ის მასპინძლობისთვის ემზადება.

წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე, სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსებისა და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე – სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან.

საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე პარტნიორობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რასაც მსგავსი სახის წვრთნები ემსახურება.

საინფორმაციო ბრიფინგზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მონაწილე ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე, კოორდინაციის გაზრდასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობის ხარისხის გაძლიერებაზე ისაუბრა.

ასევე, სიტყვით გამოვიდა აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების მიზნის, ამოცანების, სასწავლო რაიონების, მონაწილე ქვეყნების, ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების შესახებ პრეზენტაცია კი, სწავლების ხელმძღვანელმა, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ წარმოადგინა.

საინფორმაციო ბრიფინგს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. არმიჰოლში მოწვეული იყვნენ ასევე იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლების მოსამზადებელი ეტაპის უზრუნველყოფაში თავდაცვის უწყებას მხარდაჭერას უწევენ.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ წელს საქართველო უკვე მეათედ უმასპინძლებს.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „მტკიცე სული 2021“ ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

დატოვე კომენტარი