მქონდა განცდა, რომ ღმერთი აპირებდა ამ სიხარულის მონიჭებას - მესიმ ჩემპიონობა არგენტინელებს მიუძღვნა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატში ნანატრ გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა – არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ ემოციები არ დამალა და გამარჯვებაც არგენტინელ ხალხს მიუძღვნა. არგენტინელი თავდამსხმელის კარიერაში ეს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტულია.
„ეს სიგიჟეა, ძალიან მინდოდა ტიტულის მოპოვება, ეს არის ყველაზე ლამაზი გრძნობა, რაც ამ ქვეყნად არსებობს. შეხედეთ, რა ლამაზია მსოფლიო თასი. მე ძალიან მინდოდა ამის აწევა. ღმერთი აპირებდა ამ სიხარულის მონიჭებას, მე მქონდა განცდა, რომ ეს მოხდებოდა. ძალიან ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ ეს გამოგვივიდა. გამიმართლა, რომ ყველაფერს მივაღწიე და რაც მაკლდა, აქ არის. არ მგონია, რომ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის დრო იყოს. მსურს ვნახო, როგორი სიგიჟე იქნება ფორმაში სამი ვარსკვლავით თამაში“, – განაცხადა ლეო მესიმ.
მესიმ კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ტიტული. ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში საფრანგეთი 4:2 (ოვერტაიმი 3:3) დაამარცხა, შეხვედრისას კი არგენტინელმა დუბლი შეასრულა.
მესი კატარის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მან 7 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მესიმ საფრანგეთთან ფინალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი დარტყმა მატჩის შემდგომ სერიაში.