მოყვარულთა თასის ფინალში „გრასრუტი“ ხობის „ჭალეს“ დაუპირისპირდება – გამარჯვებული ევროტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

12:15, 15.12.2023

2023 წლის სეზონის საქართველოს მოყვარულთა ლიგის ფინალს ხაშური უმასპინძლებს. 16 დეკემბერს „ივერია არენაზე“ თბილისის „გრასრუტი“ და ხობის „ჭალე“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან 2024-25 წლების სეზონის უეფა-ს რეგიონთა თასზე სამოყვარულო გუნდებს შორის საქართველოს წარმადგენელიც დაუშვეს, ეს გუნდი კი 2023 წლის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული იქნება. ამას გარდა, გამარჯვებული დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზეც ითამაშებს.

„გრასრუტი“ გამოცდილი გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრები თამაშობენ – სანდრო კობახიძე, ლუკა კიკაბიძე, გიორგი დუმბაძე, გიორგი ტყეშელაშვილი.

უეფა-ში უკვე გაიმართა რეგიონთა თასის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული რეგიონთა თასის წინასწარი ეტაპის B ჯგუფში აზერბაიჯანისა და შვედეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ ითამაშებს.

შუალედურ რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიან. წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი შუალედური რაუნდის მეოთხე ჯგუფში ირლანდიის, შვეიცარიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩების მასპინძლები და თარიღები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ დაზუსტებულია, რომ წინასწარი ეტაპის ყველა მატჩი უნდა ჩატარდეს 2024 წლის 31 ივლისამდე, ხოლო შუალედური ეტაპის – 2024 წლის 6 დეკემბრამდე.

შუალედური რაუნდის ჯგუფების რვა გამარჯვებული ფინალში გადის, რომელიც გაიმართება 2025 წლის ივნისის ან ივლისის პირველ ორ კვირაში. ეს იქნება თასის მე-13 გათამაშება. მე-12 ტურნირი 2023 წლის ივნისში ესპანურმა „გალისიამ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ბელგრადი“ დაამარცხა.

საქართველოს მოყვარულთა ლიგის ფინალი „ჭალესა“ და „გრასრუტს“ შორის ხაშურის „ივერიის“ სტადიონზე შაბათს, 16 დეკემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი