ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტური „კრისტალ პალასისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩით დასრულდა.
მასპინძლები მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ენდროს თაუნსენდისა და პატრიკ ვან ანჰოლტის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ 55-ე წუთზე კრის სმოლინგმა ერთი ბურთი გაქვითა. 76-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ თანაფარდობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნემანია მატიჩმა „მანჩესტერს“ გამარჯვება მოუტანა – 3:2.
„იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის ეს იყო პირველი მოგება პრემიერლიგაში, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. აქამდე პორტუგალიელი სპეციალისტი 21-ჯერ იყო ასეთ სიტუაციაში და მისმა გუნდებმა მხოლოდ ორჯერ მიაღწიეს ფრეს და 19-ჯერ დამარცხდნენ.
„მანჩესტერ იუნაიტედი“, 62 ქულით, მეორე ადგილზეა პრემიერლიგაში. ის 16 ქულით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის“. სამაგიეროდ, ცხრა ქულით უსწრებს მეხუთე ადგილზე მყოფ „ჩელსის“, რითაც თითქმის გარანტირებული აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზური.