მოურინიო შეიძლება პსჟ-ში დაინიშნოს - კლუბი უკვე დაუკავშირდა პორტუგალიელს #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო შეიძლება „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო მთავარი მწვრთნელი გახდეს კრისტოფ გალტიეს გადაყენების შემდეგ, – წერს გამოცემა Foot Mercato.
პსჟ-ის მრჩეველს საფეხბურთო საკითხებში, ლუიშ კამპუშს კონტაქტი ჰქონდა პორტუგალიელ სპეციალისტთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
დღეისთვის გალტიეს სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ წაგების შემდეგ. თუ პარიზელთა დამრიგებელი სასწრაფოდ არ გამოასწორებს სიტუაციას, მას, შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ.
კამპუში მოურინიოს დიდი თაყვანისმცემელია და ყოველ ჯერზე, როცა პსჟ მწვრთნელს ცვლიდა, ცდილობდა, კლუბში პორტუგალიელი სპეციალისტი მიეწვია, მაგრამ ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტს ირჩევდა.
დღეისთვის მოურინიო აპირებს, კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2024 წლის ზაფხულამდე იმუშაოს „რომასთან“. მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ჰელაიფსა და „რომას“ მფლობელს, დენ ფრიდკინს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და სურვილის შემთხვევაში, მხარეები კომპრომისს იპოვნიან.