„1994 წლის 12 თებერვალს თბილისში არ იყო ელექტროენერგია, გაზი, ტრანსპორტი, ალბათ, ჰაერიც. იტალიურ ეზოებსა და კვარტლებში ენთო ბევრი კოცონი, აგურებზე იდგა ქვაბები, რომლებშიც ოჯახები საერთო სადილს ხარშავდნენ. ირგვლივ ყველაფერი გამურული ჩანდა. ჩანდა კი არა, იყო. ქალაქის გასასვლელებში გზებს კეტავდნენ, საბურავებს წვავდნენ. რეიბანიან ახალგაზრდებს ავტომატები ეკიდათ…“ – წერს სტატიაში „იმ დღეს ჩვენ გავხდით საქართველო“ ილია ბაბუნაშვილი.
ეს პუბლიკაცია კი 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსულ გაზეთ „სარბიელში“ დაიბეჭდა. დიახ, 12-წლიანი პაუზის შემდეგ გაზეთი „სარბიელი“ ქართველმა მკითხველმა კიდევ იხილა. თუმცა ეს საიუბილეო გამოცემაა. გაზეთს, რომელიც 18 წლის განმავლობაში ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას „მოდას კარნახობდა“ 30 წელი შეუსრულდა.
პირველი ნომერი 1990 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა და მაშინ, როცა საქართველოში „ბევრი კოცონი ენთო“, სპორტულ ამბებს მიუკერძოებლად, „სარბიელის“ სტილში გადასცემდა ქართველ გულშემატკივარს.
„ახალი დროება იდგა, ახალი ენა იყო საჭირო, უშიშო და თავისუფალი აზრის ენა. ამიტომაც გაკეთდა ბევრი რამ პირველად და სწორედ ეს იყო „სარბიელის“ სამარკო ნიშანი.
კარგი გუნდი შეიკრა და „მწვრთნელიც“ კარგი ჰყავდა. ზურაბ ფოცხვერია ასეთი ტაქტიკით გვათამაშებდა: სჯობს ჩვენი ურთიერთობა ამა თუ იმ ფედერაციასთან იყოს რთული, მაგრამ საქმე წავიდეს კარგად, ვიდრე ურთიერთობა იყოს კარგი და საქმე წავიდეს ცუდად.
წმინდა პროფესიულად ასე იყო: მკითხველი გაზეთს ელოდა. ეს ძალიან კარგი, თუმცა ჩვეულებრივი ამბავია. უფრო მაგარი ისაა, მკითხველს მოულოდნელის მოლოდინი გაუჩინო. „სარბიელი“ ამას ახერხებდა“, – ეს სიტყვები გაზეთ „სარბიელის“ ერთ-ერთ მთავარ შემოქმედ თამაზ მიგრიაულს ეკუთვნის.
„სარბიელი“ უბრალო გაზეთი მართლაც არ ყოფილა. მასში აკა მორჩილაძე გიო ახვლედიანის სახელით წერდა, პაპუნა კედია ილია ბაბუნაშვილის ფსავდონიმი გახლდათ, წერდნენ ზურაბ მეძველია, კობა ინასარიძე, ავთანდილ გურასაშვილი…