მოულოდნელი სცენარი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებისთვის - კვიპროსელები უეფა-ს შესარჩევი ეტაპების გამართვას სთავაზობენ
კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ უეფა-ს შესთავაზა, რომ 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონთა და ევროპის ლიგების საწყისი შესარჩევი ეტაპების მატჩები კვიპროსში ჩაატაროს, – ამის შესახებ განცხადება ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგიოს კუმასმა გააკეთა.
„უეფა იკვლევს შესაძლებლობას, რომ კვიპროსმა 2020–21 წლების ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლოს“, – წერს გამოცემა „პროტატლი“.
კვიპროსული გამოცემა ამტკიცებს, რომ ამის შესახებ კვირპოსის მთავრობაა ინფორმირებული.
„კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგიოს კუმასი ამ საკითხზე უკვე ელაპარაკა ჯანდაცვის მინისტრს და მას ტურნირის გამართვის შესაძლებლობები გააცნო. იმის გათვალისწინებით, რომ კვიპროსი კორონავირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა, ჩვენს ქვეყანას ასეთი შესაძლებლობა უჩნდება“, – ამტკიცებს გამოცემა.
ჩვენის მხრივ ვიტყვით, რომ კვიპროსი კორონავირუსის თვალსაზრისით ნამდვილად უსაფრთხო ადგილია, მაგრამ ამ კუთხით საქართველო გაცილებით უფრო უსაფრთხო ქვეყანაა და შესარჩევი ეტაპის სრულად ჩატარების პრეტენზია საქართველოს არ გააჩნია. თუმცა, არის იმედი, რომ მწვანე ზონად მიჩნეულ საქართველოს კლუბებს ევროტურნირების წილისყრის დროს უეფა ერთმატჩიანი რაუნდების მასპინძლობას მიანდობს.