მოწმე - ჩემგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ, მაწამებდნენ, ფეხის ფრჩხილებიც კი დამაძვრეს
ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა, მეტსახელად “ბასტი” აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მისგან მოითხოვდა, დაებრალებინა პატიმრების წამება და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი თამაზ თამაზაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის დაკვეთით ხდებოდა.
როგორც ფარულავა იხსენებს, მისი დასვენების დღეს, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლევან ფურცხვანიძემ დაურეკა და სამსახურში დაიბარა.
მოწმის თქმით, იქ ორი დღე ამყოფეს, შემდეგ სათათბირო ოთახში დაიბარეს, სადაც ორი პირი დახვდა. იქ ჰკითხეს, ციხეში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო გასული და მან რა იცოდა ამასთან დაკავშირებით.
„ვთქვი, რომ არაფერი ვიცოდი. მერე მითხრეს, რომ ადეიშვილი გვპირდება ნებისმიერ სამსახურსო, საზღვარგარეთ ბიზნესსო, ოღონდ სატელევიზიო ინტერვიუ მიეცი, სადაც იტყვი, რომ კავშირი თამაზ თამაზაშვილთან გქონდაო და იმან დაგაკავშირა ღარიბაშვილთანო. ასევე თამაზ ელიზბარაშვილს მიხსენებდნენ, მითხრეს, დაგვაჭერინე ესენიო, ისიც მითხრეს თამაზაშვილს 28 წელს მივუსჯითო. მეუბნებოდნენ, მეღიარებინა, ვითომ ეს პიროვნებები მიკვეთავდნენ ამ კადრების გადაღებას, თუმცა რეალურად მათთან კავშირი არ მქონია. შემდეგ შემიყვანეს უფროსთან. ფურცხვანიძემ ლევან ფხალაძეს დაურეკა და უთხრა, რომ ამოსულიყო. როცა ამოვიდა, ჰკითხა, რა ხდება „კარანტინიდან“ ამოდის ხმაურიო, ჩავიდეთ ყველა ერთადო. ვიცოდი, რომ ე.წ. კარანტინში ჩავდიოდით, მაგრამ გაგვიყვანა ეზოში. ვიფიქრე, სხვა რამეში იყო საქმე, სიცარიელე იყო ეზოში, ვფიქრობდი, რომ მოსაკლავად გამიყვანეს, მაგრამ გავიარეთ ეზო და მივედით მესამე საკანში. დაგვხვდა ორი ადამიანი შიგნით. ფურცხვანიძე აგინებდა მათ, მერე მითხრა ფურცხვანიძემ, ჩხრეკა ჩაატარეო. გვთხოვდა ფურცხვანიძე, რომ დაგვერტყა ხელჯოხი მათთვის, იმათ კიდევ ეუბნებოდა ქურდებს შეაგინეთო. გვეუბნენოდა, დუბინკა გაუკეთეთ მაგათო, სიგარეტი ჩააწვით ხელზეო”, – განაცხადა მოწმემ.
ფარულავას თქმით, მოგვიანებით უფანჯრო ოთახში შეიყვანეს, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი ზურა ადეიშვილი შევიდა და ბრალის აღიარება მოსთხოვა.
“შემოვიდა ადეიშვილი. მომმართა ცუდი სიტყვით, მითხრა, რომ 128 წელსაც არ გაკმარებთო, მთხოვდა მეღიარებინა რასაც მაბრალებდნენ და ეს ყველაფერი ინტერვიუს სახით მიმეცა, მაგრამ არ ვქენი. მაწამებდნენ, ფეხის ფრჩხილებიც კი დამაძრეს, მაგრამ არაფერი მიღიარებია”, – განაცხადა ფარულავამ.