მოტოგრანპრის იტალიელი ლეგენდა კორონავირუსით დაავადდა
მოტოგრანპრის იტალიელი ლეგენდა კორონავირუსით დაავადდა

მოტოგრანპრის ლეგენდარულმა მრბოლელმა ვალენტინო როსიმ გამოაცხადა, რომ კორონავირუსით არის ავად. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა დაადასტურა, რომ გამოტოვებს უახლოეს გრანპრის ესპანეთში, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება.

„სამწუხაროდ, დილით ცუდად ვიგრძენი თავი – ძვლებში მამტვრევდა, სიცხე მქონდა, ამიტომაც სასწრაფოდ გამოვიძახე ექიმი, რომელმაც ორი ტესტი ჩამიტარა. “სწრაფი” ტესტის შედეგი უარყოფითი იყო, მეორე ტესტმა კი, რომლის პასუხი საღამოს მივიღე, დადებითი შედეგი აჩვენა.

იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, რადგან მომიწევს უახლოესი ეტაპის გამოტოვება, არადა, ზედმიწევნით ვიცავდი სამედიცინო პროტოკოლს. ნებისმიერ შემთხვევაში, არაფრის შეცვლა არ შეიძლება. გავითვალისწინებ ექიმის რეკომენდაციებს და იმედია, მალე თავს კარგად ვიგრძნობ“, – დაწერა „ინსტაგრამში“ როსიმ.

ცხრა ეტაპის შემდეგ, ვალენტინოს 58 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში მე-13 ადგილზეა.