მოტივაცია იქნება, რომ ქართულ ფეხბურთში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს - ფედერაციის ხელმძღვანელებმა „ნიუ ვიჟენის“ კომპლექსი დაათვალიერეს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ახლად აშენებული საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს.
კომპლექსში, რომელიც კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიის ტერიტორიაზე გაკეთდა, მილანის „ინტერის“ აკადემიის ფილიალი ფუნქციონირებს, სადაც 5-დან 15-წლამდე ასაკის სამასამდე ბავშვი ირიცხება. აკადემიაში სფფ-ის მიერ გაცემული უეფა-ს ლიცენზიების მქონე მწვრთნელები მუშაობენ.
კომპლექსში არის ერთი სტანდარტული და 4 მინი-მოედანი ტრიბუნებით, ხელოვნური განათებით და გასახდელებით. აკადემიის აღსაზრდელებთან ერთად, სტადიონით „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც ისარგებლებენ.
შეხვედრას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე და „ინტერის“ აკადემიის დირექტორი, ანა წერეთელი ესწრებოდნენ.
„ბედნიერი ვარ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა და ასეთი პროექტი განხორციელდა. მადლობა უნდა გადავუხადო დავით კერესელიძეს და „ნიუ ვიჟენს“. „ინტერის“ აკადემიაში ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე. ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ფეხბურთის განვითარების ფუნდამენტი, რაც არის ჩვენი განვითარების და წინსვლის წინაპირობა. ინფრასტრუქტურით იწყება, ეს აკადემია კი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მაგალითია. მიხარია, რომ არა მხოლოდ ფედერაცია და სახელმწიფო, დავით კერესელიძე კერძო სექტორიდან ბევრს აკეთებს ჩვენი ფეხბურთისთვის. მას ჩვენგან დიდი მხარდაჭერა ექნება, რაც მოტივაცია იქნება, რომ ქართულ ფეხბურთში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
დავით კერესელიძე, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტია „ინტერის აკადემია საქართველო“. ფეხბურთის განვითარება დავაკავშირეთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ვთვლით, რომ ფეხბურთი საქართველოში ადამიანებს უყვართ, ესმით და მომავალი წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ წარმატებულები სპორტის ამ სახეობაში. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა იმ მიზნით, რომ „ინტერის აკადემიას“ საქართველოში ჰქონდეს არანაკლებ სასიამოვნო სათამაშო და საწვრთნელი პირობები, როგორც აქვს უშუალოდ მილანში“.