მოსწავლეთა პროტესტი: ატარებენ თუ არა ფრანგი უფროსკლასელები გაკვეთილებზე უფრო მეტ დროს, ვიდრე მათი ევროპელი თანატოლები?

12:32, 13.10.2026
ახალგაზრდები საყოველთაო საპროტესტო დღეებში გამართული ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, პარიზში, ივლისის სვეტის მონუმენტზე ადიან. 2026 წლის 8 ოქტომბერი

ახალგაზრდები საყოველთაო საპროტესტო დღეებში გამართული ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, პარიზში, ივლისის სვეტის მონუმენტზე ადიან. 2026 წლის 8 ოქტომბერი

საფრანგეთის მთავრობის მიერ უფროსკლასელთათვის შექმნილ საკონსულტაციო პლატფორმაზე გამოთქმული მოთხოვნების თითქმის სამი მეოთხედი (71%) გაკვეთილების ცხრილებს ეხება. ატარებენ თუ არა ფრანგი უფროსკლასელები გაკვეთილებზე უფრო მეტ დროს, ვიდრე მათი ევროპელი თანატოლები?

პროტესტის მონაწილე ფრანგი მოსწავლეები ამბობენ, რომ სასწავლო პროცესი ზედმეტად დატვირთული და ხანგრძლივია, გაკვეთილების განრიგი კი – არათანაბრად გადანაწილებული. მთავრობის მიერ დაწყებული კონსულტაციის პროცესიდან ირკვევა, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მთავარი პრობლემა სწორედ სასწავლო დროის ორგანიზებაა.

ამ კონსულტაციების დროს ასევე დადგინდა, რომ ფრანგ მოსწავლეებს, ევროპელ თანატოლებთან შედარებით, გაკვეთილებზე მეტი დროის გატარება უწევთ. ამიტომ, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, მათი პროტესტი ისევ გაგრძელდა, სამშაბათს კი გაფიცვაა დაგეგმილი.

გაცილებით დაბალი საშუალო საათობრივი მაჩვენებელი გერმანიასა და ფინეთში

ესპანელ მოსწავლეებს უფრო ხანმოკლე არდადეგები აქვთ და, შესაბამისად, სასწავლო დღეებიც მათთვის შედარებით ნაკლებად დატვირთულია. გერმანიაში, რომელსაც ხშირად ასახელებენ მაგალითად, სასკოლო რეჟიმი საფრანგეთისგან ძალიან განსხვავებულია. აქ მოსწავლეების გაკვეთილები დღეში საშუალოდ 4,5 საათის განმავლობაში გრძელდება. სასწავლო დღეებიც უფრო ადრე, ზოგჯერ დილის 07:30 საათზეც კი იწყება, თუმცა ნაშუადღევს ასევე ადრე სრულდება, რის შემდეგაც დრო სპორტს ან პრაქტიკულ მეცადინეობებს ეთმობა. გერმანელი უფროსკლასელების დღეები იმის გამოც არის ნაკლებად დატვირთული, რომ მათ უფრო ხანმოკლე არდადეგები აქვთ – წელიწადში ათი კვირა, ანუ თვე-ნახევრით ნაკლები, ვიდრე საფრანგეთში.

ქვეყანა, რომელიც საფრანგეთთან ყველაზე მკვეთრ კონტრასტს ქმნის, ფინეთია: აქაურ უფროსკლასელებს კვირაში მხოლოდ 15 საათი უტარდებათ გაკვეთილები, რაც, საფრანგეთთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლებია. ეს დღეში 3 საათს შეადგენს, მაშინ როცა ფინეთში არდადეგები, საფრანგეთთან შედარებით, მხოლოდ სამი კვირით არის ნაკლები.

გაკვეთილები კვირაში, საშუალოდ, 22 საათი გრძელდება

ამ ორ უკიდურესობას შორის არის მოქცეული ქვეყნების მთელი ჯგუფი – იტალია, პორტუგალია, უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი – სადაც უფროსკლასელების გაკვეთილები კვირაში 22-დან 24 საათამდე გრძელდება, ანუ დღეში 4-დან 5 საათამდე, რაც საფრანგეთზე ერთი ან ორი საათით ნაკლებია. სასწავლო დღე, როგორც წესი, მაქსიმუმ 16:00 საათისთვის სრულდება – 18:00 საათამდე გაკვეთილების გაგრძელდება ფრანგული სპეციფიკაა, განსაკუთრებით 2019 წელს განხორციელებული სასკოლო რეჟიმის რეფორმის შემდეგ.

სასკოლო რეჟიმის საკითხი ცენტრალური იყო „ბავშვთა დროის შესახებ მოქალაქეთა კონვენციაზე“ მუშაობის დროსაც, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც საპროტესტო აქციებზე გამოსული მოსწავლეები, სასწავლო დღის შემცირებას და ნაშუადღევს სპორტული თუ პრაქტიკული აქტივობებისთვის მეტი დროის დათმობას, ანუ „გერმანულ მოდელზე“ გადასვლას ითხოვს. მთავრობის მიერ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის გახსნილ საკონსულტაციო პლატფორმაზე (agora.gouv) საკუთარი მოსაზრების გამოთქმა 23 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

 

სტატიის ავტორი: ვიქტორ მატეტი, საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „რადიო ფრანსე“(Radio France)

ფოტოს ავტორი: კენზო ტრიბულარი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი, 2026 წელი, 15:57 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი