მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ფოთის ორი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ფოთის ორი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდგინდათ.

როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია აცხადებს, დისტანციურ სწავლებაზე მესამე საჯარო სკოლის მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები გადავიდნენ და ონლაინ რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში ისწავლიან.

რაც შეეხება სასულიერო სკოლას, ყველა კლასი პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს სასწავლო პროცესს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლაში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუფიქსირდა. აქედან ორი მე-8 და მე-9 კლასელები ერთი ოჯახის წევრები არიან, მესამე კი მე-12 კლასელია. გამომდინარე აქედან, ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 22 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები დისტანციურად ისწავლიან. რაც შეეხება წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლას, კორონავირუსი ერთ მოსწავლეს დაუდგინდა და რადგან ის, სკოლის საერთო ტრანსპორტით სარგებლობდა, ონლაინ რეჟიმზე მთელი სკოლა გადავიდა. ასე იქნება პირველ აპრილამდე. ასევე, მშობელთა უმრავლესობის მოთხოვნით, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია პირველ აპრილამდე დისტანციურ სწავლებას აგრძელებს“, – განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.