მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ევროკავშირის ლიდერები ეხმაურებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტერაქტს გმობს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ვგმობ საშინელ ტერაქტს მოსკოვში. უდანაშაულოთა დაღუპვა ნებისმიერ ადგილას ადამიანური ტრაგედიაა და ჩემი სამძიმარი მსხვერპლსა და მათ ოჯახის წევრებს“, – წერს შარლ მიშელი.

თავდასხმას გმობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

„მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე მოსკოვის „კროკუსის სითი ჰოლში“, რომელზეც პასუხისმგებლობას „ისლამური სახელმწიფო“ იღებს. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს, მსხვერპლთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცედ ერთიანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„უმკაცრესად ვგმობ გასულ ღამეს ამ ამაზრზენ თავდასხმას მოსკოვის გარეუბანში. ტერორიზმის სამიზნე კვლავ დაუცველი ხალხი გახდა. საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცედ ერთიანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.