მოსკოვში დააკავეს ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი შაჰინ შიხლინსკი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზეა გადაყვანილი
მოსკოვში დააკავეს ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი შაჰინ შიხლინსკი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზეა გადაყვანილი

მოსკოვში დააკავეს ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი. როგორც რუსული მედია წერს, ორგანიზაცია „აზერბაიჯან-ურალის“ თავმჯდომარე შაჰინ შიხლინსკი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზეა გადაყვანილი.

ჟურნალისტების ცნობით, შიხლინსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული, მათ შორის მკვლელობისა და სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენების ფაქტებზე. ჯერ უცნობია, რა სტატუსი აქვს დაკავებულ შიხლინსკის.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერზე ძებნაა გამოცხადებული.

რუსეთის ოფიციალურ პირებს ჯერ შიხლინსკის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, რუსი ძალოვანები შახინ შიხლინსკის, სავარაუდოდ, ეთნიკური დაჯგუფების მეთაურად მიიჩნევენ. გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, მათ შორის პროსტიტუციის ორგანიზებაში, პორნოგრაფიის გავრცელებასა და ნარკოვაჭრობაში.

ცნობისთვის, ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერის დაკავება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა, რაც უკავშირდება 27 ივნისს ეკატერენბურგში რუსი სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ რეიდებს, რა დროსაც აზერბაიჯანელები დააკავეს. დაიღუპა ორი ადამიანი. აზერბაიჯანის პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ცემა გახდა.

ეკატერენბურგში ჩატარებული რეიდების საპასუხოდ ბაქოში დააკავეს რუსეთის 20-მდე მოქალაქე, მათ შორის რუსული სააგენტოს, „სპუტნიკის“ ჟურნალისტები.