მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა
მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დედაქალაქში, სულ მცირე, ორი ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვაზე კვლავ დაწესდა ლიმიტი.
„გაზპრომ ნეფტის“ ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ერთ მომხმარებელზე, მაქსიმუმ, 40 ლიტრი საწვავის გაცემაა შესაძლებელი. მოგვიანებით, თავად კომპანიაში დააზუსტეს, რომ ლიმიტი 60 ლიტრს შეადგენს.
„ტატნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი ერთ მომხმარებელზე, მაქსიმუმ, 50 ლიტრი ბენზინისა და 60 ლიტრი დიზელის საწვავის გაცემაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, მოსკოვში AI-95 მარკის ბენზინის დეფიციტი შეინიშნება. 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ამ ტიპის საწვავი მოსკოვში „ნეფტმაგისტრალის“ მხოლოდ ერთ ავტოგასამართ სადგურზე იყო ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, მოსკოვის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესება ივნისიდან დაიწყო. ლიმიტები, მათ შორის, „ტატნეფტმა“, „როსნეფტმა“ და „ლუკოილმა“ დააწესეს. მოგვიანებით შეზღუდვები გაუქმდა, თუმცა უკვე აგვისტოს დასაწყისში რუსეთში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო.
„იზვესტიის“ ინფორმაციით, 16 აგვისტოს მდგომარეობით, ბენზინისა და დიზელის საწვავი რუსეთის ავტოგასამართი სადგურების მხოლოდ 28%-ზე იყო ხელმისაწვდომი.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილიოვმა განაცხადა, რომ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი და დიზელი არის, თუმცა აღიარა, რომ სადგურებზე რიგებია.