მოსკოვმა კიევი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილების წესების დარღვევაში დაადანაშაულა
მოსკოვმა კიევი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილების წესების დარღვევაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქერჩის სრუტეში მომხდართან დაკავშირებით უკრიანულ მხარეს პროტესტი გამოუცხადა და კიევი შავ ზღვაში რუსეთის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გადაადგილების წესების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.

ოფიციალურ განცხადება საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარი იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო რეგიონში ვითარების გამწვავებისკენ, ანტირუსული სანქციების გაძლიერებისა და უკრაინის შიდა პრობლემებისგან ყურადღების გადატანისკენ.

„რუსეთმა არა ერთხელ გააფრთხილა კიევის რეჟიმი და მისი დასავლელი მფარველები აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გარშემო ისტერიის ხელოვნური გაზრდის საშიშროების გამო. აშკარაა კარგად გათვლილი და ადგილისა და ფორმის მიხედვით დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ამ რეგიონში დაძაბულობის კიდევ ერთი კერის გაღვივებისკენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად საბაბის შექმნისკენ. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მიმართული იყო ასევე თავად უკრაინაში შიდაპოლიტიკური პორბლემებისგან ყურდაღების გადატანისკენ. ამის დადასტურებაა კიევის მიერ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების განზრახვა, რაც 2019 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით, საკმაოდ ოდიოზურად ჩანს“, -ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყება აღშფოთებას გამოთქვამს „უკრაინელი რადიკალების მიერ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმის გამო“.

მოსკოვი კიევისგან დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და რუსეთის საელჩოსა და საკონსულოების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას ითხოვს.
რუსული მხარე უკრაინას აფრთხილებს, რომ აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულმა ქმედებებმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

„გვსურს, გავაფრთხილოთ უკრაინული მხარე, რომ აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულმა კურსმა, რომელსაც კიევი აშშ-ისა და ევროკავშირთან კოორდინირებულად ატარებს, შესაძლოა, სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. რუსეთის ფედერაცია მკაცრად აღკვეთს მის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ თავდასხმას“, -ნათქვამია განცხადებაში.