მოსკოვის სასამართლო ალექსეი ნავალნისთვის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელის შეცვლაზე მსჯელობს
მოსკოვის სასამართლო ალექსეი ნავალნისთვის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელის შეცვლაზე მსჯელობს

მოსკოვის სიმონოვის საქალაქო სასამართლო დღეს რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლაზე მსჯელობს.

სასამართლოს შენობასთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, ტერიტორიას სამართალდამცველთა დამატებითი ძალები იცავენ, გადაკეტილია მიმდებარე ქუჩების ნაწილი.

ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესში პირადად მიიღებს მონაწილეობას და არა ვიდეოჩართვით, როგორც გასულ კვირას.

ოპოზიციონერისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმები ნავალნებისთვის განაჩენი უსაფუძვლოდ ცნო და რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.