მოსკოვი-პრაღის რეისის თვითმფრინავმა „ვნუკოვოს“ აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა
მოსკოვი-პრაღის რეისის თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში ხანძრის დეტექტორი ამოქმედდა, რის გამოც ავიალაინერის ეკიპაჟი იძულებული გახდა, „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაბრუნებულიყო.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თვითმფრინავი „ბოინგი 737“ ავიაკომპანია „რასიას“ ეკუთვნოდა. საგანგებო დაშვების შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის დროს ბორტზე 187 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი პრაღაში უახლოესი რეისებით გაემგზავრებიან.
ამჟამად ტექნიკური კომისია ხანძრის დეტექტორის ამოქმედების მიზეზებს იძიებს.
ამასთან, ავიაკომპანია „რასიას“ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად თვითმფრინავის ეკიპაჟმა დაკვამლიანების ნიშნები ვერ აღმოაჩინა.