მოსამართლეების შესახებ ცხრა დეპუტატების ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 
მოსამართლეების შესახებ ცხრა დეპუტატების ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 

საქართველოს პარლამენტის ბიურომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეთავაზებული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

ბიუროს გადაწყვეტილებით პროექტის განხილვა მიმდინარე კვირას დაიწყება, რომლის მიზანიც მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებაა. ბიუროს სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას წინ დებატები უძღოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას პრობლემები ახლავს თან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ამ კვირაში ჩვენ შეიძლება ორდღიან რეჟიმში ვიმუშაოთ და შეიძლება, ტექნიკურადაც არ მოესწროს ამ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. თუ არადა მოგვიწევს ხუთშაბათსა და პარასკევს ორი დღით მუშაობის გაგრძელება ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება შინაარსობრივ პრობლემას, კონსტიტუციასთან არის სერიოზული წინააღმდეგობა და ეს არის განსახილველი. როდესაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე ვმსჯელობთ ერთი დღე შეიძლება ამას არ ეყოს. კონსტიტუციის რამდენიმე მუხლია, ძირითადი დებულებები, მათ შორის ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში, არის გარდამავალი დებულებებიც, რასთანაც წინააღმდეგობაშია წარმოდგენილი კანონპროექტი. ამიტომ ამის განხილვას ბუნებრივია, დრო სჭირდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას დეპუტატმა ეკა ბესელიამ უპასუხა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კვირაში გათვალისწინებულია სასესიო დღეები, ვიმუშაოთ დამატებით. მე მგონი ყველა ვაცნობიერებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ამას დრო დავუთმოთ, ვიდრე ის, რომ დღეები გამოვათავისუფლოთ და გადავიტანოთ კიდევ ორი კვირის იქეთ. ორი კვირით გადატანაც დააგვიანებს ამ პროცესს. ჩემი და ხელმომწერების პრინციპული თხოვნაა, რომ საკითხზე მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ კვირაში დავიწყოთ განხილვა. შეგნებულად ავარიდე თავი შინაარსობრივი მხარის განხილვას. როცა ეს აქ ხდება, არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. არ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა პირველი მოსმენით მაინც, რაც გვიჩვენებს სურათს კალენადრულად ამავე კვირაში იმ დამატებით დღეებს გამოვიყენებთ თუ არა. სამართლებრივ არგუმენტებზე იქ ვისაუბრებ, როდესაც წარმოვადგენ ამ ინიციატივას,“ – უპასუხა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.

საკანონმდებლო ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

პროექტის ინიციატორია პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე.