მოსამართლე დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ბრალდებულს - თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!
მოსამართლე დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ბრალდებულს - თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ვაზელ მამადიანის განცხადებით, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში გამოძახებაზე მივიდა, ადგილზე გაზის სუნი არ იყო.

სასამართლო პროცესზე მამადიანმა აღნიშნა, რომ სადარბაზოში აპარატიც გამოიყენა, რომელმაც გაზის გაჟონვა არ აჩვენა.

„ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართული ვნახე. არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში. მრიცხველსაც დავაკვირდი და როდესაც გაჟონვაა, სწრაფად ბრუნავს ხოლმე. იქ ასე არ იყო. მრიცხველი სწრაფად არ ბრუნავდა. შემდეგ გარეთ შევამოწმე, გარედან ხომ არ შედიოდა გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ იყო. ლიფტი, ჩვენ რომ მივედით, არ მუშაობდა, მაგრამ გავაღეთ შახტა და შევამოწმეთ. არ აჩვენა აპარატმა და არც სუნი იდგა“,- განაცხადა „გაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილმა თანამშრომელმა, ბრალდებულმა ვაზელ მამადიანმა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულს ჰკითხა: თუ არ დაფიქსირდა არაფერი, მაშინ რამ გამოიწვია აფეთქება?

რაზეც ბრალდებულმა უპასუხა:

„ჩვენ რომ შევამოწმეთ, არც სუნი იყო და არც აპარატმა აჩვენა. არ ვიცი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. სავარაუდოდ, შეიძლება იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა“,- განაცხადა მამადიანმა.

რაზეც მოსამართლემ აღნიშნა, რომ ბრალდებული მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ საუბრობდა.

„თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!“, – მიმართა მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულ მამადიანს.

საქალაქო სასამართლო დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებული ორ პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა.

 

დატოვე კომენტარი