მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 150 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 150 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლოს უპატივცემულობისთვის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი 150 ლარით დააჯარიმა.

კაკოიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ დაცვის მხარემ მოწმეებს კრიტიკული კითხვები არ დაუსვას. დღესვე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა და აღნიშნა, რომ მოსამართლე აღნიშნულ საქმეში მიკერძოებულია.

„დღეს ჩვენ დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რადგან ის ჩამოყალიბდა მხარედ. ის არ არის სასამართლო, ის არის ბრალდების მხარე. ჩვენ არ გვეძლევა ნორმალურ რეჟიმში კითხვის დასმის საშუალება, არ გვაძლევს საშუალებას, სათანადოდ დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები და ამაში ხელს გვიშლის სასამართლო. ჩვენთვის უკვე ცხადია, რა გადაწყვეტილება დადგება ამ საქმეზე. ის, რომ დაცვის მხარეს უზღუდავს უფლებებს, აჯარიმებს მაშინ, როცა არანაირ უპატივცემულობას არ ჰქონია ადგილი, რეალურად ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება დაცვის მხარის მიმართ, რომ არ დაგვესვა კრიტიკული კითხვები“, – აცხადებს კაკოიშვილი.

დღეს დაცვის მხარემ აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაკითხა. მოწმემ სხდომაზე განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარე მასზე ზეწოლას ახდენს. მოწმის თქმით, ჯანაშიასა და სააკაშვილის ადვოკატები სატელევიზიო ეთერებში ამბობენ, რომ აუდიტორმა დასკვნა პროკურატურის დაკვეთით მოამზადა. ვეკუამ ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზეც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის წაუყენეს.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოწმის განცხადებას უსაფუძვლო და უწოდა.

„ბრალდების მოწმეს, რომელიც ნამდვილად ბრალდების მოწმეა და რომელიც ნამდვილად ბრალდების დაკვეთით მოქმედებს, მიაჩნია, რომ მისი არაკომპეტენტურობაში და ტენდენიურობაში მხილება ყოფილა ზეწოლა. ამგვარად მას უნდა, რომ ყველაფერზე თავს ვუქნევდეთ და ბრალდების მიერ შეკერილ დასკვნასთან დაკავშირებით კრიტიკულ კითხვებს არ ვსვამდეთ. კრიტიკული კითხვები მას პიროვნულ შეურცხყოფად მიაჩნია და საერთოდ ასეთი მოწმის ჩვენება როგორ უნდა იქნას გაზიარებული. მოწმე კი არა, სასამართლოა ტენდენციური და რაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ადვოკატები ნოდარ ვეკუას დაკითხვას ხელოვნურად აჭიანურებენ. როგორც პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ აღნიშნა, შემდეგი პროცესიც აღნიშნული მოწმის დაკითხვით გაგრძელდება და მას უკვე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დაკითხავს.

„დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე დაუსაბუთებელი და არგუმენტებს მოკლებული იყო. მათთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ მოსამართლე არ უკმაყოფილებს პროცესზე შუამდგომლობას. ეს არის სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილი. მხარეების პროტესტი თუ შუამდგომლობა შესაძლოა, არ დაკმაყოფილდეს და ეს მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად ვერ გახდება. მიგვაჩნია, რომ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა საფუძვლიანად არ დააკმაყოფილა. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეებისთვის მოწმის დასაკითხად გონივრული ვადის განსაზღვრას. მოსამართლეს ამის უფლება გააჩნია და ეს განსაზღვრული ვადა დაცვამ არაგონივრულად გამოიყენა. მოწმე იკითხება ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში და კვალიფიციურ იურისტს ამ ხნის განმავლობაში შეუძლია, მისთვის სასურველ კითხვებზე ამომწურავად მიიღოს პასუხები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ქეთევან ჩაჩავამ.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვა ედებათ ბრალად. შემდეგი პროცესი 25 მაისს გაიმართება.