„მორნარის“ თავდამსხმელი - „დინამოსთან“ რთულ შეხვედრას ველოდებით, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა თბილისშიც შეგვიძლია #1TVSPORT
„მორნარის“ თავდამსხმელი - „დინამოსთან“ რთულ შეხვედრას ველოდებით, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა თბილისშიც შეგვიძლია #1TVSPORT

ჩერნოგორიული კლუბი „მორნარი“ საქართველოში „დინამო თბილისთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩის გასამართად გამოემგზავრა. გუნდი პოდგორიცა – სტამბოლი – თბილისის რეისით ჩამოფრინდება, დიდი გზა აქვთ გასავლელი და, ადგილობრივ ამინდსა და კლიმატთან ადაპტაციის გათვალისწინებით, გუნდის თავდამსხმელი მილან ვუშუროვიჩი ამბობს, რომ რთულ შეხვედრას ელის, მაგრამ გამარჯვების იმედი აქვს.

„მატჩი თავდაჯერებულად დავიწყეთ და „დინამოს“ დიდი შიში არ გვქონია. მართალია, ცოტას სჯეროდა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ეს შევძელით და დავამტკიცეთ, რომ ჩერნოგორიის ჩემპიონატში მეორე ადგილი შემთხვევითი არ დაგვიკავებია.

რთული შეხვედრა გველის, წინ გვაქვს დიდი სამუშაო, მაგრამ აუცილებლად შევეცდებით, ისევე ვითამაშოთ, როგორიც პოდგორიცას მატჩის პირველ ტაიმში და მიზანს მივაღწიოთ. იქ დიდი თავგანწირვით ვითამაშეთ და დადებითი შედეგის მიღწევა თბილისშიც შეგვიძლია“, – ამბობს „მორნარის“ თავდამსხმელი.

„დინამო თბილისი“ ჩერნოგორიულ კლუბს კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში 18 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი, „დინამო არენის“ ნაცვლად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.