ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა კონტრაქტი „ჟილინასთან“ გააფორმა – ინფორმაცია ქართველი მცველის ტრანსფერზე სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ჟილინას“ ცნობით, თბილისის „დინამოს“ გაზრდილ 21 წლის მცველზე (რომლის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის) უკრაინულ კლუბს შეუთანხმდნენ და ლოჩოშვილი იჯარით 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაიმატეს.
„ჟილინაში ჩამოსვლის შემდეგ მხოლოდ პოზიტიური ემოციები მაქვს. გავეცანი კლუბის ისტორიას, ვესაუბრე მწვრთნელებს და გუნდის წევრებს, რამაც ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა“, – ამბობს ლოჩოშვილი „ჟილინას“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში.
2018 წელს „ჟილინაში“ გიორგი თევზაძე თამაშობდა, რომელიც ზამთარში „საბურთალოში“ გადავიდა. ლოჩოშვილი ამბობს, ამის მიუხედავად სლოვაკეთში წასვლის არ შეეშინდა – „ვიცი, რომ „ჟილინა“ ახალგაზრდა გუნდია, რამდენიმე მატჩი ვნახე და ბიჭების თამაში მომეწონა. ეს მომავლის გუნდია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ გადაწყვეტილების მიიღება არ გამჭირვებია“.
„ჩვენ ვნახეთ ლოჩოშვილის მატჩები და კიეველებს იჯარაზე შევუთანხმდით, რომლის პირობებიც ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებასაც გვიტოვებს. ის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია. მიგვაჩნია, რომ კლუბთან ადაპტირებას მალე შეძლებს“, – ეს კლუბის სპორტული დირექტორის, კარელ ბელანეკის სიტყვებია.
„ჟილინას“ გვრდის ცნობით, 21 წლის ქართველი მცველი გუნდს ოთხშაბათს შეუერთდება.