მორიგი სენსაცია „ჩემპიონთა ლიგაზე“ - „ლიონმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

„ჩემპიონთა ლიგის“ ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ და „ლიონი“ დაუპირისპირდნენ. წყვილში ფავორიტად, რა თქმა უნდა, მანჩესტერული კლუბი მიიჩნეოდა, თუმცა ფრანგებმა შესანიშნავად ითამაშეს და მატჩი ანგარიშით 3:1 მოიგეს.

24 წუთზე ქალაქელების დაცვამ უყურადღებოდ იმოქმედა და „ლიონის“ სწრაფი იერიში კორნეს გოლით დასრულდა. ფავორიტებმა საპასუხო გოლი 69 წუთზე გაიტანეს. სტერლინგის კარგი გადაცემა დე ბრუინემ გოლად ერთი შეხებით აქცია. „მანჩესტერ სიტი“ თითქოს უპირატესობას უნდა დაუფლებოდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრებიდან 10 წუთში „ლიონმა“ მეტოქე კონტრ-შეტევაზე დაიჭირა და მოედანზე ახლად შემოსულმა მუსა დემბელემ ფრანგული კლუბი კიდევ ერთხელ დააწინაურა. მანჩესტერელებმა თამაშის დალაგება ვეღარ მოახერხეს და მესამე გაშვებული გოლიც სწორედ მათ შეცდომას მოჰყვა – გუნდმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, ფრანგებმა შეუტიეს და დემბელემ დამატებაზე ზუსტად შესრულებული დატყმით დუბლი გაიფორმა.


„ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალურ მატჩში „ლიონის“ მეტოქე მიუნხენის „ბაიერნი“ იქნება, რომელმაც მეოთხედფინალურ ეტაპზე კატალონიური „ბარსელონა“ ანგარიშით 8:2 გაანადგურა და ტურნირის მოგების უმთავრეს ფავორიტად ითვლება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს პსჟ და „ლაიფციგი“ დაუპირისპირდებიან. თამაშები 18 და 19 აგვისტოს გაიმართება.