მორიგი მოულოდნელობა ეროვნული ლიგაში - ბათუმის „დინამომ“ „შუქურასთან“ შეხვედრა ზარიას სუპერგოლით გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმის ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ „ელ მანდარინოდ“ წოდებულ აჭარულ დერბიში ქობულეთის „შუქურას“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში უმასპინძლა და მოულოდნელად, მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ანგარიში 27-ე წუთზე ქობულეთელთა შემტევმა მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა. 45+1-ე წუთზე ეროვნული ლიგის ბომბარდირმა გიორგი ფანცულაიამ თავისი მე-10 გოლით წონასწორობა აღადგინა. მაგრამ 63-ე წუთზე „შუქურას“ ნახევარმცველმა ბექა ვარშანიძემ სტუმრები ისევ დააწინაურა. ბათუმელებმა თამაში 90+2-ე წუთზე მაინც გადაარჩინეს. გიორგი ზარიას შესანიშნავად შეასრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთმა სტუმართა კარის ბადე შეარხია და ბათუმის „დინამომ“ ფრეს მიაღწია – 2:2.
ბათუმელებს 20 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს. „შუქურა“ კი 17 ქულით მე-9 ადგილზეა.