მორაგბეები, რომლებიც ბინადრობის წესში ცვლილების გადადებით იხეირებენ - იაპონიას ყველაზე მეტად გაუმართლა
მორაგბეები, რომლებიც ბინადრობის წესში ცვლილების გადადებით იხეირებენ - იაპონიას ყველაზე მეტად გაუმართლა

„მსოფლიო რაგბიმ“ (World Rugby) დღეს ბინადრობის წესში (მერვე რეგულაცია) ცვლილების შეტანის გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 36 თვიან ბინადრობის წესს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, შესაბამისად, ცენზის 60 თვემდე გაზრდას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მიიჩნევა, რომ წესი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თამაშის სანდოობას, რადგან მოთამაშეთა ექსპლუატაციისა და დაუცველ მდგომარეობაში ჩაგდების რისკს აღრმავებს.

ცვლილების გადადების შედეგად მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა ნაკრებში იმაზე ადრე ითამაშებს, ვიდრე ელოდა. „მსოფლიო რაგბის“ დღევანდელი გადაწყვეტილებით ძირითადად პირველი რანგის ქვეყნები იხეირებენ.

ჩვენ მოვძებნეთ მოთამაშეები, რომლებმაც, შესაძლოა, ცვლილების გადადების შედეგად ნაკრებში თამაშის შანსი მიიღონ.

პიერ შუმენი (სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია)

​შუმენი ედინბურგში 2018 წლის „სუპერ რაგბის“ სეზონის შემდეგ გავიდა და წესით შოტლანდიის ნაკრებში 2023 წლის მსოფლიო თასის წინ უნდა მისცემოდა თამაშის შანსი.

თუმცა ამ ცვლილების შედეგად, მას „ნარშავების“ რიგებში მოედანზე გასვლის შანსი მომავალ წელს მიეცემა. შუმანმა „ბულსში“ ბოლო მატჩი 2018 წლის ივლისში ჩაატარა, ხოლო „ედინბურგის“ ღირსება პირველად 2019 წლის 31 აგვისტოს დაიცვა.

ჰეიდენ პარკერი (ახალი ზელანდია – იაპონია)

ჰეიდენ პარკერი „სანვულვზში“ ირიცხება და შესანიშნავად ასპარეზობს. ახალ ზელანდიაში თამაშისას („ოტაგო“, „ჰაილენდერსი“) ტრავმები აწუხებდა და მისთვის საბედნიეროდ ამ პრობლემას იაპონიაში თავი აღარ შეუხსენებია.

2017 წლის მიწურულს პარკერი იაპონიაში სამუდამოდ გადავიდა და „სანვულვზში“ დებიუტი 2018 წლის „სუპერ რაგბის“ სეზონში ჰქონდა. თუკი ჯემი ჯოსეფი ისურვებს (და ამის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან სპეციალისტი სწორედ „ოტაგოს“ და „ჰაილენდერზს“ წვრთნიდა), მისი იაპონიის ნაკრებში მოხმობა მომავალ წელსვე შეეძლება. სავარაუდოდ, იაპონია ბინადრობის წესში ცვლილების გადადებით ყველაზე მეტად ისარგებლებს, რადგან 2021 წლის დადგომამდე ნაკრებში თამაშის უფლება დენ პრაიორს, კარა პრაიორს, ლიონელ კრონიეს, გრანტ ჰატიგნჰს, კრეიგ მილარს, ჰენკუს ვან ვიკს, მაიკლ ლითლს და კიდევ რამდენიმე მორაგბეს ექნება.

ტიმ ბოთა (სამხრეთ აფრიკა – უელსი)

სამხრეთ აფრიკელი ბურჯი უელსურ „ოსფრეიზს“ 2018 წელს შეუერთდა და მალევე გახდა ძირითადი გუნდის წევრი.

უელსს სამი ნომრის პოზიციაზე ფართო არჩევანი აქვს, მაგრამ ვეინ პივაკი დამატებითი ვარიანტით უკმაყოფილო არ იქნება. ბოთას უელსის ნაკრებში თამაშს უფლება 2021 წლის მიწურულს ექნება.

კინენ ნოქსი (სამხრეთ აფრიკა – ირლანდია)

კინენ ნოქსი ახალგაზრდა და იმედისმომცემი სამხრეთ აფრიკელი ბურჯია, რომელიც ირლანდიურმა „მანსტერმა“ 2018 წელს, სკოლიდანვე აიყვანა.

ნოქსს ირლანდიაში თამაშის პირველი შესაძლებლობა 2023 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ბინადრობის წესების გადადების შედეგად პირველი კეპის მოპოვების შანსი მომავალ წელს ექნება. ირლანდიელები ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ, რათა მსოფლიო თასამდე ნოქსმა სამხრეთ აფრიკაში თამაში არ არჩიოს.

საგულისხმოა, რომ ბინადრობის წესის გადადებით, დიდი ალბათობით, რუსეთი და რუმინეთიც იხეირებენ, რადგან მათ შიდა ტურნირებზე ბევრი ლეგიონერი თამაშობს.