მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულთა გამოძიებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო შეიქმნა
მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულთა გამოძიებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო შეიქმნა

მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველო 2023 წლის მარტში შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამმართველოს მიერ გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში.

„ახალი დანაყოფის ჩამოყალიბება ქვეყანაში პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტების გახშირებამ გამოიწვია, პრაქტიკა აჩვენებს, რომ არაერთ შემთხვევაში დანაშაულის მსხვერპლი და მონაწილე არასრულწლოვანები არიან. შესაბამისად, სამსახურმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია დაისახა.

სამმართველოს ჩამოყალიბების შემდეგ გამომძიებლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რიგებიდან შეირჩნენ, რომლებიც ამ გამოწვევებისთვის სპეციალურად გადამზადდნენ. სამმართველოს ხელმძღვანელი ვასილ კაკაშვილი კი  კონკურსის გზით შეირჩა.

სამმართველო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, შეტყობინებებს როგორც მოქმედი ცხელი ხაზის, 199-ის მეშვეობით, ასევე საიტის, ფოსტის ან მოქალაქეთა განცხადებების გზით იღებს, თითოეული მოქალაქის კონფიდენციალურობა მკაცრად არის დაცული და დაზარალებულებს  მათზე მორგებულ გარემოს შესთავაზებენ.

სამსახურმა, 2022 წლიდან მოყოლებული, მიმდინარე რეფორმის და აქტიური საგამოძიებო პროცესის ფარგლებში პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის და დისკრიმინაციული ტიპის დანაშაულებზე 332 საქმეზე აწარმოა გამოძიება და დანაშაულში 86 პირი ამხილა.

რაც შეეხება ამ დანაშაულის პრევენციას, სამსახურმა მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სტუდენტებსა და მოქალაქეებთან საინფორმაციო ხასიათის 100-მდე შეხვედრა გამართა.

განხორციელებულმა რეფორმამ და სამმართველოს ჩამოყალიბებამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო ამ ტიპის დანაშაულზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ, სამსახურს მისცა საშუალება, მთელი დარჩენილი რესურსი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისთვის მიმართოს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.