მონტენეგროში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნითა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
მონტენეგროში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნითა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

მონტენეგროში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნითა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის მიერ გამართულ დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა.

ეს ბოლო 20 დღის განმავლობაში პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული მესამე საპროტესტო აქცია იყო. პოდგორიცაში შეკრებილ დემონსტრანტებს მონტენეგროს, უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეკავათ ხელში.

დემონსტრანტები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლითაც პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებები პარლამენტს გადაეცემა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პრემიერ-მინისტრად ყოფილი დიპლომატის, მიოდრაგ ლეკიჩის დანიშვნას ემსახურება.

ამასთან, პრეზიდენტმა ჯუკანოვიჩმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლო ამჟამად არ ფუნქციონირებს, რადგან დეპუტატები მის შემადგენლობაზე ვერ თანხმდებიან, რაც ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.