მონტენეგროს პრეზიდენტი - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ღირებულებები გვაქვს
მონტენეგროს პრეზიდენტი - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ღირებულებები გვაქვს

ჩემი სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი იყო ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ, – ამის შესახებ მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და მონტენეგროს მეგობრობა ძალიან მნიძვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს. ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. საქართველოს ძალიან ახლოს უდგას მონტენეგრო მხარში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ნატო-ს ოპერაციებზე. ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ღირებულებები გვაქვს. ჩემი სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი იყო ჩვენი მეგობრობა უფრო გაგვეღრმავებინა და გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართ. აქტიურად ვადევნებთ თვალყურს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში და ასევე, რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. საქართველოსთვის პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე შეუძლებელია თქვენს მიზნებს მიაღწიოთ“, – აღნიშნა მილო ჯუკანოვიჩმა.

მონტენეგროს პრეზიდენტის განცხადებით, მონტენეგრო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ნაბიჯებს პოლიტიკურად რთულ რეგიონში. დასავლეთ ბალკანეთი არის პოლიტიკურად რთული რეგიონი, სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სტაბილურობის მიღწევისკენ. მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, მაგრამ შევძელით, რომ მყარად დავმდგარიყავით და ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც დაგვეხმარება. საქართველო არის ძალიან ძლიერი ქვეყანა და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თქვენს ამბიციებს, სწრაფვებს და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას. მონტენეგრო ამ ეტაპზე ახალ და საინტერესო პოლიტიკურ გამოცდილებებს გადის. დაახლოებით ერთი წლის წინ,  ერთი პოლიტიკური პარტია იყო  30 წლის განმავლობაში ჩვენთან, ერთი წლის წინ შევცვალეთ მთავრობა. შესაბამისად, ახალი მთავრობა მოიტანს ახალ ღირებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კომპლექსური პოლიტიკური გარემო გვაქვს, ეს არის დემოკრატიული პროცესი. დასავლეთ ბალკანეთი არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ნამდვილად იგივე ნაბიჯები იქნება გადადგმული და ისევე წარმატებულად, როგორც ეს მოხდა მონტენეგროში“, – განაცხადა მილო ჯუკანოვიჩმა.