მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ISO სერტიფიკატი მიიღო
მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ISO სერტიფიკატი მიიღო

კომუნიკაციების კომისია, ორგანიზაცია, რომელიც კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს მაქსიმალურად ეფექტიანად და საუკეთესოდ ასრულებს – ეს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია – Bureau Veritas Certification-ის შეფასებაა, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას ISO სერტიფიკატი მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება იმის დადასტურებაა, რომ კომისია უწყვეტ რეჟიმში ცდილობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას, ტექნოლოგიურ განვითარებას და რაც მთავარია, მუდმივად ინარჩუნებს აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებლებთან – იღებს მათგან აუცილებელ უკუკავშირს და ითვალისწინებს მას გადაწყვეტილებების მიღებისას“.

„ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველდღიურად ჩნდება ახალი გამოწვევები და საჭიროებები. კომუნიკაციების კომისიამ ამ გამოწვევებთან ეფექტურად გასამკლავებლად, ბოლო წლებში მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. პირველ რიგში ComCom-მა აპარატის ორგანიზაციული გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა დაისახა მიზნად. ტრანსფორმაციის ყველა ეტაპი დინამიურად და უწყვეტად მიმდინარეობდა. სერტიფიკატის მიღებამდე კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე საჭირო ეტაპი გაიარა: მოხდა რეორგანიზაცია, შეიცვალა სტრუქტურა და დებულება, გაკეთდა ახალი სამუშაო აღწერილობები და გაიმართა ყველა შიდა ორგანიზაციული პროცესი. ISO 9001:2015-თან შესაბამისობის სერტიფიკატის მიღება კი იმის დასტურია, რომ დღევანდელი კომისია თავისი სტრუქტურით და მოდელით საუკეთესოდ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ISO სტანდარტით საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე და უკიდურესად ცვალებად გარემოში, კომუნიკაციების კომისია  გარანტია იმისა, რომ თითოეულ მომხმარებელს- უწყვეტი და ხარისხიანი წვდომა ჰქონდეს სატელეკომუნიკაციო სერვისებზე, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის კი კომისია ქმნის მაქსიმალურად სამართლიან, კონკურენტულ, თავისუფალ და განვითარებისთვის საჭირო გარემოს.

კომუნიკაციების კომისიის შიდა ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი USAID-მა, პროექტ  HICD-ის ფარგლებში შეიტანა, USAID-ის დახმარებით კომისია კიდევ უფრო გაძლიერდა და დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.