მომავალზე გათვლილი ტრანსფერი - „პოლესიე“ „დინამო თბილისის“ მცველს დაიმატებს #1TVSPORT
ჟიტომირის „პოლესიე“ „დინამო თბილისისა“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა მცველს, გიორგი მაისურაძეს შეუთანხმდა. ჟიტომირული კლუბი 22 წლის პერსპექტიულ ფეხბურთელთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ეს მომავალზე გათვლილი ტრანსფერია – „პოლესიე“ ახალგაზრდა ქართველ მცველს დაიმატებს“, – ასე გამოეხმაურა უკრაინული ტელეკომპანია 24tv ჟიტომირის „პოლესიეში“ გიორგი მაისურაძის ტრანსფერის შესახებ GeoTeam-ის გავრცელებულ ინფორმაციას.
„პოლესიესა“ და მაისურაძეს შორის შეთანხმება 2027-2028 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. მოუწევს თუ არა „პოლესიეს“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში ფულის გადახდა, ჯერჯერობით უცნობია. საფეხბურთო პორტალი Transfermarkt-ი გიორგი მაისურაძის ტრანსფერს 350 000 ევროდ აფასებს“, – წერს უკრაინული კლუბის ვებგვერდი.
მიმდინარე სეზონში გიორგი მაისურაძემ „დინამოში“ 16 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაისურით სამი მატჩი აქვს ჩატარებული.
„პოლისიე“ 47 ქულით უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და ევროთასებზე მოხვედრის თეორიულ შანსებს ინარჩუნებს.