მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი იტალიური გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს ხუთი კლუბი მიიღებს მონაწილეობას მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
ტურნირის ახალი ფორმატი, 32-ის ნაცვლად, 36 გუნდის მონაწილეობას ითვალისწინებს. ოთხი დამატებითი საგზურიდან ორი ნაწილდება იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მიმდინარე სეზონში უეფა-ს კოეფიციენტთა ცხრილში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
მას შემდეგ, რაც ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის ნახევარფინალებში გავიდნენ „ატალანტა“, „რომა“ და „ფიორენტინა“, იტალიამ პირველმა გაინაღდა დამატებითი ადგილი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის გათამაშებაში.
ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ტურნირზე ექვსი იტალიური გუნდი ვიხილოთ. ამისთვის საჭიროა, ევროპის ლიგა მოიგოს სერია A-ს წარმომადგენელმა და ამასთან, ის არ უნდა მოხვდეს იტალიის ჩემპიონატის ტოპხუთეულში. ასეთი ვარიანტი შესაძლებელია „რომასა“ და „ატალანტას“ შემთხვევაში, რომლებსაც სერია A-ს ცხრილში მეხუთე და მეექვსე ადგილები უკავიათ.