მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Air Moldova-ს რუსეთში ფრენების განახლება აუკრძალა
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Air Moldova-ს რუსეთში ფრენების განახლება აუკრძალა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ Air Moldova-სა და სხვა ეროვნულ გადამზიდავ კომპანიებს კიშინიოვსა და მოსკოვს შორის ფრენების განახლება აუკრძალა.
მოლდოვის ავიამარეგულირებლის გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვის შესახებ მიღებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) დირექტივების შესაბამისად.
როგორც მედია წერს, მოლდოვამ რუსეთთან ავიამიმოსვლა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. რამდენიმე დღის წინ, Air Moldova-მ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან მოსკოვთან ავიამიმოსვლის აღდგენას გეგმავს, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან.