მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიშინეუს შეუძლია, რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოჭრას, თუ ქვეყნის სუვერენიტეტს რუსეთის მხრიდან საფრთხე შეექმნება
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხაი პოპშოის განცხადებით, კიშინეუს შეუძლია, რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოჭრას, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ მან „რადიო მოლდოვასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მიხაი პოპშოის თქმით, მოლდოვა ვერ შეძლებს „თითის უკან დამალვას“, როდესაც მის ტერიტორიულ მთლიანობას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება და „თუ რუსეთის ფედერაცია ძალიან მიუახლოვდება პოლონეთის საზღვრებს“. მისივე თქმით, 2014 წლიდან უკვე მიუახლოვდა.
„სიტუაცია თუ კონტროლიდან გამოვა და მოვლენები ისე განვითარდება, რომ პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს არსებობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ასეთი გადაწყვეტილებები ასეთ რთულ მომენტებში მიიღება“, – აცხადებს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამასთან, მიხაი პოპშოი აღნიშნავს, რომ რუმინეთთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მოქალაქეების ხმათა უმრავლესობით შეიძლება იყოს მიღებული.
„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის. მარტივი რომ ყოფილიყო, უკვე მიღებული იქნებოდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქეთა ფართო უმრავლესობას შეუძლია, ნებისმიერი კონკრეტული პოლიტიკოსის სურვილის მიუხედავად“, – აცხადებს პოპშოი.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ რუმინეთთან გაერთიანების მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას კი მიხაი პოპშოიმ აღნიშნა, რომ ეს სიახლეს არ წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ცნობისმოყვარეობას იჩენს. ჩვენ ვუხსნით მათ იმ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც ვიმყოფებით. უკიდურესად რთულ რეალობაში და მუდმივ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში მყოფ სამყაროში, დღევანდელი გარემოებები არ მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ მოლდოვის რესპუბლიკას აქვს უსაფრთხოების გარანტია“, – აღნიშნა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე, მისცემდა თუ არა ის ხმას მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას, პოპშოიმ განაცხადა, რომ პასუხი „თავისთავად ცხადი უნდა იყოს“ მათთვის, ვისაც რუმინეთის მოქალაქეობა აქვს.