მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს. ეს განცხადება მაია სანდუმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც პირველ სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ კიშინიოვი მისდევს დასავლეთის ინსტრუქციებს.
ლავროვის განცხადებაზე საუბრისას მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიშინიოვი დნესტრისპირეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრედ რჩება.
„ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომ თითქოსდა დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დესტაბილიზაციაა, არ წარმოადგენს რეალობას.
„ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს, რასაც ადრე მივდევდით. ვიმეორებ, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზითაა შესაძლებელი. ბატონმა ლავროვმა ეს იცის. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ 5+2-ის ფორმატში. ახლა ეს ფორმატი არ მუშაობს უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, თუმცა ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ჯერ მშვიდობის შენარჩუნება შევძელით დნესტრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ლავროვის განცხადებების გამო მოლდოვაში რუსეთის დროებითი რწმუნებული ახსნა-განმარტებებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარეს.