მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება შემდეგი ისტორიული შესაძლებლობა და არ გვინდა მისი ხელიდან გაშვება
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება შემდეგი ისტორიული შესაძლებლობა და არ გვინდა მისი ხელიდან გაშვება

ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მომენტი. ჩვენ არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება შემდეგი ისტორიული შესაძლებლობა, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

„დავიწყებ იმით, რომ მე ვიყავი ჩემს პირველ სამსახურში და ბევრად ახალგაზრდა, როდესაც თესალონიკის დღის წესრიგი შედგა. მოლდოვა მაშინ განიხილებოდა პოტენციურ კანდიდატ ქვეყნად. ჩვენ მაშინ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გამოვტოვეთ. ჩვენ არ გვყავდა მთავრობა, რომელიც ისურვებდა ამ მიმართულებით წასვლას. ჩემმა თაობამ დაკარგა თავისი ახალგაზრდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და ევროპული ინტეგრაციის იმედის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. როგორც თქვით, ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მომენტი. ჩვენ არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება შემდეგი ისტორიული შესაძლებლობა. მოხდა ისე, რომ ეს ხდება ჩვენი ხალხისთვის ძალიან რთულ პერიოდში“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მოლდოვა ეკონომიკურად ძლიერ დაზარალდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომის შედეგად.

„ჩვენ 275-პროცენტიანი ინფლაცია გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ინფლაცია არის პრობლემა ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვის, თუმცა ჩვენ ვართ უფრო ღარიბები და მნიშვნელოვნად დავზარალდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია ლტოლვილების მისაღებად. მიღებული ლტოლვილების მაჩვენებელი ჩვენი მოსახლეობის 3,5 პროცენტს უდრის და მოსახლეობის 85 პროცენტი მზადყოფნას გამოთქვამს მეტი ლტოლვილის მისაღებად ამ ღირებულებების გამო, რადგან გვჯერა, რომ ახლა არის დაპირისპირება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპულ ღირებულებებსა და ავტოკრატიის, დიქტატურის ღირებულებებს შორის. ასე რომ, ჩვენ არ გვინდა შესაძლებლობების ამ ფანჯრის გამოტოვება“, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ დარჩებიან რეფორმების გზაზე, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს კონტექსტი, მათ მიიღებენ ევროპული ქვეყნების ოჯახში.